English / ქართული / русский /
ნონა ქავთარაძე
სახელმწიფო ბიუჯეტის როლი სოციალური პოლიტიკის ფინანსურ უზრუნველყოფაში

ანოტაცია. სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმური და ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებლების დინამიკა და სტრუქტურა სოციალური სფეროს (ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური დაცვა) ჭრილში, ასევე გაანალიზებულია ბიუჯეტის ასიგნებების გავლენა ქვეყნის ძირითად სოციალურ ინდიკატორებზე. აღნიშნული მასალის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელთა პრაქტიკაში განხორციელებაც, ვფიქრობთ, პოზიტიურად აისახება მომავალში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო ბიუჯეტი, გადასახდელები, უმუშევრობის დონე, ნომინალური ხელფასი.

შესავალი

დღეისათვის სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას ქვეყნაში ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნება და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა წარმოადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც საბიუჯეტო სისტემის ცენტრალური რგოლი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველყოფაში. რაც კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას მატებს ამ სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების კომპლექსური შესწავლა-ანალიზის საკითხს.

* * *

ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ფინანსურ უზრუნველყოფაში სახელმწიფო ბიუჯეტის ადგილისა და როლის განსაზღვრის საკითხზე მსჯელობა, მართებულია, დავიწყოთ ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული საბიუჯეტო პარამეტრების, კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გეგმური მაჩვენებლების დინამიკისა და სტრუქტურის ანალიზით, ვინაიდან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანთა ცხოვრების დონესა და მის ეკონომიკურ პირობებს ყველაზე მეტად სწორედ სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა განაპირობებს. ცუდი ვითარება ამ სფეროში მილიონობით ადამიანის სტაბილურობასა და პერსპექტივას გაუარესებით ემუქრება და პირიქით, მათი პირობების გაუმჯობესება სწორედ სახელმწიფო ფინანსების განმტკიცებაზეა დამოკიდებული [ბალცეროვიჩი, 2002:73].

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე შევნიშნავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური სფეროს ცალკეული დარგების ჭრილში (კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური დაცვა) გამოყოფილი ასიგნებების ჯამურმა მოცულობამ ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, 42.5 პროცენტი შეადგენა და 549.3 მლნ ლარით გადააჭარბა გასული 2018 წლის გეგმურ მაჩვენებელს. მიმდინარე 2019 წელს ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გამოყოფილი ასიგნებების გეგმური მაჩვენებელი გასული 2018 წლის შესაბამის (გეგმურ) მაჩვენებელთან შედარებით 59.6 მლნ ლარით, განათლების დაფინანსების ხარჯი 129.3 მლნ ლარით, ხოლო სოციალური დაცვის ხარჯები 360.4 მლნ ლარით გაიზარდა, შედეგად, 2019 წელს ზემოაღნიშნული სფეროების დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 5 562.2 მლნ ლარი შეადგინა.

ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სოციალური სფეროს მიმართულებით გამოყოფილი ასიგნებების ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით 2013-2018 წლებში აღინიშნა, რამაც, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელი გახადა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის რეალიზაცია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, სწორედ აღნიშნული წლებიდან შეინიშნება ქვეყანაში უმუშევრობის დონის მაჩვენებლის შემცირებაც, რამაც, ფაქტობრივად 2013-2018 წლებიდან მოყოლებული, შეუქცევადი ხასიათი მიიღო, შედეგად, 2018 წელს უმუშევრობის დონე 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტით შემცირდა და 12.7 პროცენტით განისაზღვრა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული მონაცემები ნაწილობრივ განსხვავდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებისგან, კერძოდ ILO კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელს 14.1 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მისი საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წელს 14.3 პროცენტით განისაზღვრება. ამასთან აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში საკმაოდ მაღალია ცენტრალური და დასავლეთ აზიის ჯგუფში შემავალი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 2018 წელს 8.2 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2019 წლისთვის მისი საპროგნოზო მაჩვენებელი 8.7 პროცენტით განისაზღვრება. დასავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია, კერძოდ 2018 წელს მან 7.6 პროცენტი, ხოლო 2019 წლისთვის საპროგნოზო მაჩვენებელი 7.3 პროცენტს შეადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე საქართველო (ანგოლასთან, ბანგლადეშთან, კონგოსთან, ეგვიპტესთან და სხვა ქვეყნებთან ერთად) დაბალი საშუალო შემოსავლების მქონე (Lower-middle-income) ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება . საყურადღებოა ისიც, რომ უმუშევრობის პრობლემა მეტ-ნაკლები სიმწვავით დამახასიათებელია როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის, ასევე საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნებისათვის. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდა იწვევს მთელ რიგ უარყოფით მოვლენებს საზოგადოებაში, კერძოდ, როდესაც ეკონომიკას არ შესწევს უნარი, შექმნას საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები ყველასთვის, ვისაც სურს და შეუძლია მუშაობა, ადგილი აქვს საქონლისა და მომსახურების წარმოების პოტენციალის მნიშვნელოვან დანაკარგებს, გარდა ამისა, უმუშევრობა ხელს უშლის საზოგადოებას თავისი პოტენციური შესაძლებლობების მიხედვით წინსვლასა და განვითარებაში, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმუშევრობის შემცირების მიზნით ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბებულ დადებით ტენდენციად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდის პარალელურად, მოსახლეობის ერთ სულზე გაზრდილი საშუალო თვიური შემოსავლების და ხარჯების თანაფარდობის შედეგად, შემოსავლები მართალია მცირედით, მაგრამ მაინც აღემატება გაწეული საშუალო თვიური ხარჯების ოდენობას, თუმცა აქვე დავძენთ, რომ ამის მიუხედავად ქვეყანაში მაინც საკმაოდ მაღალია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილის მაჩვენებელი, რის ნათელ ილუსტაციასაც წარმოადგენს 2018 წელს მოსახლეობაში საშუალო წლიურ საარსებო შემწეობის მიმღებთა წილის დინამიკა, რომელმაც საანალიზო წელს 11.8 პროცენტი შეადგინა.

ჩვენ მიერ ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ 2010-2018 წლებში ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მობილიზების მიმართულებით არსებულმა დადებითმა ტენდენციებმა და გადასახდელების გეგმის თანაბარზომიერად შესრულებამ, გარკვეულწილად უზრუნველყო სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან ასიგნებებში ქვეყნის სოციალური სფეროს დარგების (ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური დაცვა) დაფინანსების ზრდის შესაძლებლობა, არსებული ტენდენცია ასევე ასახულია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების გეგმურ მაჩვენებლებშიც, რის ილუსტრაციასაც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებში სოციალური სფეროს ცალკეული დარგების დაფინანსების დინამიკის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებში მათი ჯამური ხვედრითი წილის, ქვემოთ წარმოდგენილი დიაგრამა.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებში სოციალური სფეროს ხვედრითი წილის დინამიკა 2010-2019 წლები მლნ ლარი (%)

დიაგრამა

თუმცა ამის მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან საკითხს შემოსავლების მზარდი უთანაბრობის არსებობა წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად ჯინის (GINI) კოეფიციენტი (რომელიც მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობის საზომ ინდექსს წარმოადგენს) საქართველოში 2017 წელს (ბოლო მონაცემებით) 37.9 პროცენტით განისაზღვრა, რაც 1.3 პროცენტით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნული კი მიუთითებს, რომ სოციალური უთანასწორობა საქართველოში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა .
რაც შეეხება გაეროს ,,ადამიანის განვითარების ინდექსს” HHHDI (Human Development Index), ბოლო მონაცემებით (2017 წელი) საქართველო ამ ინდექსით 70-ე ადგილზეა განთავსებული.

დასკვნა

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
1. დღეისათვის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული დადებითი ძვრების მიუხედავად, დასაქმების ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება კვლავ რჩება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, საჭიროა ამ მიმართულებით სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება.
2. როგორც ვიცით, სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების მდგომარეობის გამოთანაბრება. საყურადღებოა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოში 2007 წლიდან სიღარიბის მაჩვენებელი სოფლად გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ამრიგად, სახელმწიფო ბიუჯეტის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის გატარებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბალცეროვიჩი ლ., სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში, თბ., 2002, გვ. 73.
2. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლები (საბოლოო ვარიანტი), საქართველოს მთავრობა, 2019 წელი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური www.treasury.ge
4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური www.geostat.ge
5. World Employment Social Outlook, International Labour Organization, Trends 2019.
6. https://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI?locations=GE